Gorgasali

უნივერსიტეტი "გორგასალი" 20 წლისაა!

Deutschland online bookmaker http://artbetting.de/bet365/ 100% Bonus.

დამტკიცებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე 27.11.2011

ნაწილი I. ზოგადი დებულებები

1. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის „გორგასალი“ (შემდგომში – უნივერსიტეტი) სტუდენტის ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს მოთხოვნებს სტუდენტის ქცევის მოდელისადმი. 
2. კოდექსი შედგენილია მორალისა და ეთიკის საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენის, საქართველოს მოქალაქეთა ტრადიციების, ჩვევებისა და ჩვენი ქვეყნის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით.
3. კოდექსი ზნეობრივი ორიენტირია სტუდენტისათვის, იგი ემსახურება უნივერსიტეტის მთავარ ამოცანას - სტუდენტის ყოველმხრივი და ჰარმონული განვითარების უწყვეტი პროცესის სრულყოფას.

ნაწილი II. ეთიკური ნორმები

4. უნივერსიტეტის თითოეულმა სტუდენტმა უნდა იცოდეს ეთიკის კოდექსი, როგორც სწავლისა და ქცევის ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტი. სტუდენტი უნდა ზრუნავდეს უნივერსიტეტის პრესტიჟზე, იმიჯსა და მაღალ ავტორიტეტზე, განუხრელად უნდა იცავდეს უნივერსიტეტის ინტერესებს.
5. უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი უნდა იცავდეს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, ქვეყნის კანონებს, კულტურულ ფასეულობებსა და ტრადიციებს.
6. უნივერსიტეტის სტუდენტი პატივისცემით უნდა მოექცეს თითოეულ მოქალაქეს მიუხედავად მისი რასის, ეროვნების, ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური მრწამსისა და მსოფლმხედველობისა.
7. უნივერსიტეტის სტუდენტმა არ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც შეუწყობს ხელს ადამიანების, სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მათ შორის უნივერსიტეტის კომპრომენტირებას, წესრიგის დესტაბილიზაციას ნებისმიერი ფორმით. უნივერსიტეტის სტუდენტისათვის შეუფერებელია მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგებსა და აქციებში. 
8. მათი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტმა უნდა გამოავლინოს ისეთი თვისებები, როგორიცაა:
- წესიერება, პატიოსნება, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- თავაზიანობა, ტაქტი, ეტიკეტის ნორმების დაცვა;
- თავშეკავება და თვითკონტროლი;
- კრიტიკის სწორი აღქმა, შეცდომების აღიარების უნარი;
- დამოუკიდებლობა.
9. უნივერსიტეტის სტუდენტი მუდმივად უნდა იმაღლებდეს ცოდნის დონეს, სწავლის პროცესში ავლენდეს მაღალ საშემსრულებლო დისციპლინას, ინიციატივას, აღიქვამდეს სასწავო პროცესს, როგორც ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. 
10. უფროსკურსელები უნდა ზრუნავდნენ დაწყებითი კურსების სტუდენტებისადმი დადებითი გამოცდილების გაზიარებაზე, უწევდნენ დახმარებას უნივერსიტეტში სწავლის მათთვის ახალი პირობებისადმი ადაპტაციის პროცესში.
11. სტუდენტი ვალდებულია დაიცვას სუბორდინაცია ადმინისტრაციასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ურთიერთობაში.
12. ურთიერთობა სტუდენტებს შორის, ისევე როგორც სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის, ტაქტის, თავაზიანობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს. 
13. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსთან შეუფერებელია სხვისი პატივისა და ღირსების დამცირება, აგრესიის, არაკორექტული ქცევის სხვადასხვა ფორმით გამოვლინება. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ, აკრძალულია არანორმატიული და შეურაცმყოფელი ლექსიკის გამოყენება.
14. სტუდენტის ურთიერთობისა და მისი გარეგნული იერის კულტურა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის სტუდენტის მაღალ წოდებას. 
15. მამრობითი სქესის სტუდენტებს ეკრძალებათ უნივერსიტეტის შენობაში ყოფნა ქუდით ან სხვა თავსაბურავით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ ნაციონალურ ტრადიციას, რელიგიურ მრწამსს ან რაიმე სხვა საპატიო გარემოებას. ლექციებსა და უნივერსიტეტში სხვა ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებისას სტუდენტისათვის რეკომენდირებულია ჩაცმულობის ისეთი სტილი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე უნივერსიტეტის სტუდენტის იმიჯსა და მისი სწავლების პირობებს.
16. უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს უნდა ახასიათებდეს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც გულისხმობს უარის თქმას თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე. 
17. უნივერსიტეტის შენობაში, მათ შორის აუდიტორიებში, დერეფნებში, სამუშაო ოთახებში, ღია ვერანდებსა და ტუალეტებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია, როგორც სტუდენტებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული და დამხამარე პერსონალისათვის. თამბქოს მოწევა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ფარდულის ქვეშ.
18. უნივერსიტეტის შენობაში აკრძალულია აზარტული თამაშები.
19. სტუდენტმა განუხრელად უნდა დაიცვას მეცადინეობის ცხრილი, დროულად გამოცხადდეს შესაბამის აუდიტორიაში. ლექციებზე, სემინარებზე, კონსულტაციებსა და გამოცდებზე დაგვიანებულები დაიშვებიან მხოლოდ ლექტორის ნებართვით. სტუდენტი ვალდებულია დაესწროს სასწავლო განრიგით გათვალისწინებულ ყველა მეცადინეობას. გაცდენა საპატიო მიზეზით უნდა დასტურდებოდეს ოფიციალური დოკუმენტით.
20. სტუდენტს ეკრძალება გამოცდის, ლექციის, სემინარის მსვლელობისას საუბარი, მობილური კავშირის საშუალებების გამოყენება.
21. სტუდენტთა ქცევის ზოგადი წესების უხეშ დარღვევად ჩაითვლება პლაგიატი – სხვისი ნამუშევრის, წიგნის სამეცნიერო ნაშრომის ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსიის (სრულად ან ნაწილობრივ) გადაწერა ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე.
22. სტუდენტმა დროულად უნდა შეასრულოს ლექტორის დავალებები, საშინაო, საკონტროლო და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვა სახის დამოუკიდებელი სამუშაო.
23. სტუდენტის მიერ ლექტორის ხელმოწერის გაყალბება ან მისი მცდელობა, უნივერსიტეტში სწავლასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სხვა რაიმე დოკუმენტის ფალსიფიცირება განიხილება, როგორც მისი სახელის გატეხა და უნივერსიტეტის სტუდენტისა და საქართველოს ინტელექტუალური ელიტის მომავალი წარმომადგენლისთვის შეუფერებელი ქცევა.
24. უნივერსიტეტის სტუდენტი აღიარებს როგორც აუცილებელსა და სასარგებლოს სტუდენტური აქტივობის შემდეგ მიმართულებებს: საგანმანათლებლოს, სპორტულს, შემოქმედებითსა და საზოგადოებრივს. უნივერსიტეტში სწავლის პროცესში იგი ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ამგვარ საქმიანობას.
25. უნივერსიტეტის ნებისმიერი მატერიალური ობიექტის, მისი საკუთრების მიმართ სტუდენტის დაუდევარი დამოკიდებულება, ვანდალიზმი, მითვისება, შენობიდან თვითნებური გატანა განიხილება როგორც სტუდენტის სტატუსისათვის შეუფერებელი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება. 
26. სტუდენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის საბიბლოთეკო-ინფორმაციულ რესურსებს, დაიცვას სისუფთავე და წესრიგი აუდიტორიებში, კვების ობიექტზე, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებში, უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
27. სტუდენტს შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალებით.

ნაწილი III. დისციპლინური პასუხისმგებლობა

28. ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევთა მიმართ კოდექსით განსაზღვრული სანქციების გამოყენება ხდება უნივერისტეტში დისციპლინური წარმოების გზით;
29. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, სამართლიანი პროცედურის გზით; 
30. დისციპლინური წარმოების წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას;
31. სტუდენტის დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იწვევს დისციპლინურ საკითხთა კომისიას.
32. კომისიის შემდგენლობაში შედიან: 
ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 
ბ) უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი; 
გ) უნივერსიტეტის იურისტი;
დ)სტუდენტური თვითმმართველობის ორი წევრი.
33. მის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორცილებისას სტუდენტს უფლება აქვს: 
ა) დაესწროს დიციპლინური წარმოების საკითხის განხილვას; 
ბ) მიაწოდოს კომისიას მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; 
გ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში. 
34. გადაწყვეტილებას სანქციის შეფარდების შესახებ კომისია იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

ნაწილი IV. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (სანქციები)

35. ამ კოდექსით განსაზღვრული წესების დარღვევისათვის სტუდენტის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი სანქციები: 
ა) წერილობითი ან ზეპირი გაფრთხილება; 
ბ) წერილობითი საყვედური; 
გ) ფულადი ჯარიმა (დაზიანებული მატერიალური რესურსის საფასურის მიხედვით);
36. სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
37. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
38. სტუდენტის მიმართ, ერთდროულად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი ან მეტი სანქცია. 
39. ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესების განმეორებით დარღვევა ითვლება დამამძიმებელ გარემოებად; 
40. სტუდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოში უნივერსიტეტის კომისიის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

ნაწილი V. დასკვნითი დებულება

41. წინამდებარე კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს მიზანშეწონილობისა და დასაბუთების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში მისი წინადადებები უნდა დაამტკიცოს სტუდენტების, უნივერსიტეტის რექტორატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სპეციალურმა სარედაქციო კომისიამ.

Download Template Joomla 3.0 free theme.